საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრნენ
საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრნენ

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე თბილისში არიან. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ავრცელებს.

„მოხარული ვარ, მივესალმო ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც თბილისში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ჩამოვიდნენ“, – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები დილით მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს სოფელს ოძისთან.

ამის შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

მოგვიანებით სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.

თბილისში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის თემა რეგიონული უსაფრთხოება და გამოწვევები იქნება.

დღის ბოლოს ევროპელი დიპლომატები ვიზიტს შეაჯამებენ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.