2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. „ტრანსავია ფრანსი“ ( Transavia France) პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
„2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა Air France-KLM ჯგუფთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე ფრანგულ-ჰოლანდიური მულტინაციონალური საავიაციო ჰოლდინგის კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვცდილობთ, საშუალება მივცეთ ჩვენს მგზავრებს ფრენები სხვადასხვა აეროპორტებიდან შევთავაზოთ.
მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ცნობისთვის, Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.