საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 26 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 26 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 26 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

კერძოდ, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ყატარიდან; ბრაზილიიდან; ბელარუსიდან; ბულგარეთიდან; უკრაინიდან; უნგრეთიდან; თურქეთიდან; ლატვიიდან; ევროკავშირიდან; გერმანიიდან; შვედეთიდან; საუდის არაბეთიდან; ჩეხეთიდან; საფრანგეთიდან; ნიდერლანდებიდან; დიდი ბრიტანეთიდან; ავსტრიიდან; აშშ-დან, აზერბაიჯანიდან; ლიტვადან; ირანიდან; იაპონიიდან; რუმინეთიდან; არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან; ერაყიდან, სამხრეთ კორეიდან.

სხდომას ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ბოლო ვიზიტის დროს ვთქვით, ჩვენ ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დაიკავებდა თავის ადგილს და იბრძოლებდა პარლამენტის შიგნიდან მათთვის სასურველი ცვლილებებისთვის და კონსტიტუციური ინტერესებისთვის.

როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ბევრ პრობლემას უპასუხებს, რომელიც საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით იყო წარსულში. ვფიქრობ, ამან აჩვენა, რომ მათ ერთად მუშაობა შეუძლიათ, ღრმა განსხვავებების მიუხედავად, მათი ინტერესებისა და მათი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სხდომაზე იმყოფებოდნენ: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ასევე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და NDI-ის წარმომადგენლები.