საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის III შესარჩევ ციკლში ლიტვას უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენები დიდხანს და უშედეგოდ უტევდნენ.
ყველაფერი 54-ე წუთიდან შეიცვალა, როდესაც არბიტრმა მოედნიდან ლიტველი იუსტას ლასიცკასი უხეშობისთვის გააძევა.
რაც 11 ქართველმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა, ლიტველმა მცველმა შეძლო: 56-ე წუთზე, ჟიედრიუს მატულევიუჩიუსმა მასპინძელთა ფლანგური გადაცემის ჩაჭრისას ბურთი საკუთარ კარში გაიტანა 1:0.
საბოლოოდ, საქართველომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის III შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 5 ტურის შემდეგ 4 ქულა დააგროვა, ლიტვას და ფინეთს გაუსწრო და 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზე დაწინაურდა.