საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით, რეისების რაოდენობა კი 63%-ით გაიზარდა
2023 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 75,733 მგზავრმა ისარგებლა (2019 წლის თებერვალი – 47,573 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, თებერვლის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები 63%-ით გაიზარდა და 256 რეისს მოემსახურა ( 2019 წლის თებერვალი – 157 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
გაერთიანების ცნობითვე, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.