საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ნოემბერში შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ხუთ რეისს დანიშნავს
ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით ხუთი რეისი დაინიშნება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთვის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღეს.
„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. ხოლო უშუალოდ, გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება.
შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.