საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავონ მათ მიმართ არაეთიკური განცხადებებისგან
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეულ მოსამართლე წევრებს სპეციალური განცხადებით პასუხობს. ასოციაციის პოზიციასთან დაკავშირებული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ციცინო ცხვედიანმა წაიკითხა.
„3 თებერვალს ადვოკატთა საერთო კრებაზე გამართული აქტიური განხილვის შედეგად თითქმის ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ეთიკური სტანდარტების დაცვითა და კონსტრუქციული ფორმით აღწერს სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილ ვითარებას და მიმართავს საქართველოს პარლამენტს კრიზისის დაძლევის კონკრეტული ინიციატივებით.
უაღრესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ მოსამართლე წევრთა მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები – ძალზედ აგრესიული და არაეთიკური გამონათქვამებით თავდასხმა როგორც ასოციაციაზე, ასევე მის თავმჯდომარეზე“, – აღნიშნულია ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სასამართლო ხელისუფლების მმართველ რგოლში შექმნილია კრიზისი, რაც ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან არაეთიკურ და აგრესიულ საჯარო განცხადებებში.
„უფრო მეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაუფარავად ავლენენ ბრაზს და აგრესიას ადვოკატთა კორპუსის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების მიუკერძოებელ და ხარისხიან განხორციელებას.
მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდოს თავის წევრებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ასოციაციის წევრებისა და თავმჯდომარის მიმართ, რადგან მსგავსი ქმედებები ლახავს და აზიანებს მთლიანად სასამართლო სისტემის რეპუტაციასა და მართლმსაჯულების სანდოობის ინტერესებს“, – აცხადებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.