საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში „ბრიუგეს“ ინგუშმა თავდამსხმელმა ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში „ბრიუგეს“ ინგუშმა თავდამსხმელმა ითამაშა #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე „სირენკას თასზე“ საქართველოს 17-წლამდელ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაში „ბრიუგეს“ ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელმა, ინგუშმა ფეხბურთელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა ითამაშა. ის პოლონურ ტურნირზე ორივე შეხვედრაში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო – რუმინეთის წინააღმდეგ – 80 წუთი, ხოლო პოლონეთთან 68 წუთი ითამაშა.

ჰალიდ დოლტმურზიევს საქართველოს სახელით თამაში რომ სურდა, მაისში გახდა ცნობილი. ბელგიური „ბრიუგეს“ 16 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა თავისი შედეგიანობით ბელგიისა და რუსეთის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ინტერესი გამოიწვია, მაგრამ ჰალიდისა და მისი მამის დიდი სურვილი იყო, რომ მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა.

ფეხბურთელი წარმოშობით ინგუშია. მამამისმა, უმალატ დოლტმურზიევმა ინგუშეთი 2000 წელს დატოვა და ბელგიაში დასახლდა, ჰალიდი ბელგიაშია დაბადებული. თავიდან „სერკლ ბრიუგეს“ აკადემიაში ჩაირიცხა, „ბრიუგეში“ კი 2022 წლის გაზაფხულზე გადავიდა და მალე გუნდის ლიდერი გახდა. ნიჭიერ მოთამაშეს, რომელიც 22 მაისს 16 წლის შესრულდა, კონტრაქტი „ბრიუგეს“ მთავარმა გუნდმა გაუფორმა.

ჰალიდ დოლტმურზიევის მენეჯერები კომპანია S&P Sports Agency-ს დამფუძნებლები – სანდრო ჭელიძე და პეტრე სარდანაძე არიან.