საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მოლდოვას ბოლო სამ დღეში მეორედ უმასპინძლა და ამჯერად ფრეს დასჯერდა – 1:1.
პირველი შეხვედრა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო – 3:1. ამჯერად მოლდოველებმა თამაში უკეთ ჩაატარეს, 29-ე წუთზე ნიკიტა ჟოსანის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს.
86-ე წუთზე ბოგდან როშკა მოედნიდან გააძევეს და გიორგი ჩიტაურის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა. 89-ე წუთზე რევაზ კირვალიძემ ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, პოლონეთი და სომხეთი იქნებიან.