საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება მოძრავი ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი
ავტომფლობელებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ხელმისაწვდომია, როგორც სტაციონარულ ხაზებზე, ასევე მობილური ხაზების მეშვეობით.
სსიპ აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 41 პერიოდული ინსპექტირების ცენტრი, რომელთაც გააჩნიათ 97 ხაზი მსუბუქი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, 34 უნივერსალური ინსპექტირების ხაზი, რომელზეც ხდება, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო კატეგორიისთვის და ექვსი ხაზი – მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
როგორც აკრედიტაციის ცენტრში განაცხადეს, აღნიშნულის გარდა, ავტომფლობელებს ქედის, შუახევის, ხულოს, ადიგენის, ასპინძის, ყაზბეგის, თიანეთის, მესტიის, ცაგერის, მარტვილისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სამი მოძრავი უნივერსალური ტექნიკური ინსპექტირების ხაზის მომსახურებით, რომლებიც გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ყველა რეგიონის მცხოვრებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს ავტომობილის ტექინსპექტირება.