საქართველომ უეფასგან ფეარ-პლეის სპეციალური ჯილდო მიიღო
საქართველომ უეფასგან ფეარ-პლეის სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფასგან წლის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალური პრიზი გადაეცემა.

ფეარ-პლეის შედეგების გათვალისწინებით, უეფა-მ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო შემდეგ ნომინაციებში დაასახელა: ფეარ-პლეის ლიდერი,  ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა და გულშემატკივრით ყველაზე მოწესრიგებული ევროპული ქვეყანა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველო ფეარ-პლეის ყველაზე პროგრესირებად ქვეყნად აღიარა – 2016/2017 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით, მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ეს საგანგებო პრიზი პირველად გადმოგვეცა.

წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია, უეფა-ს ეგიდით გამართული როგორც საკლუბო, აგრეთვე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩები და მასში ფეარ-პლეის წესების დაცვა.

ფეარ-პლეის ლიდერად ისლანდია რჩება, გულშემატკივრის ქცევით გამორჩეულის ჯილდო კი ფინეთს გადაეცა.

სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.