ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირზე მეოთხე ტური გაიმართა.
ურთულესი მატჩის გადატანამ მოუწია საქართველოს ნაკრებს, რომელიც ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტი იყო მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, მაგრამ თამაში ქართველი ჰოკეისტებისთვის რთულად წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე წუთზე ოლივერ ობოლგოგიანმა ალექსანდრ ჟუჟუნაშვილის პასით გახსნა ანგარიში.
საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო ამ უპირატესობის განვრცობა, რაშიც დამნაშავე აფრიკელთა მეკარე შარლ პრეტორიუსი იყო, რომელმაც მატჩი 50 სეივით დაასრულა. მისი დამაჯერებელი თამაში პარტნიორებს გადაედოთ და პირველ პერიოდი სენსაციურად მასპინძლებმა მოიგეს – 2:1.
მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე ობოლგოგიანისა და ჟუჟუნაშვილის დუეტმა ისევ კარგად იმუშავა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. საქართველოს ნაკრებს ისევ ჰქონდა სათამაშო უპირატესობა, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ახერხებდა.
მესამე პერიოდში თამაში გათანაბრდა და უფრო იღბლიანი მასპინძელთა გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც სირენამდე რვა წუთით ადრე, გამარჯვების გოლი გაიტანა. ბოლო წამებზე, საქართველომ მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და სამხრეთ აფრიკამ ცარიელ კარში გაიტანა, რითაც 4:2 მოიგო. ეს მასპინძელთა გუნდის პირველი მოგება იყო ტურნირზე.
სამხერთ აფრიკა-საქართველო 4:2
2:1, 0:1, 2:0
I პერიოდი
გოლები: 0:1 ობოლგოგიანი -7 (ჟუჟუნაშვილი), 1:1 კარელსე-1 (სამაი), 2:1 კარდოსო-1 (მაგმოედი).
II პერიოდი
2:2 ობოლგოგიანი -8 (ჟუჟუნაშვილი).
III პერიოდი
3:2 მაგმოედი-3 (გიო, ვან დოსბურგი), 4:2 ვან დოსბურგი-1 (სამაი).
პარასკევს გამართული სხვა მატჩების შედეგები:
ბულგარეთი – ჰონგ კონგი 10:0
თურქეთი – ტაივანი 4:2
სატურნირო მდგომარეობა:
1. ბულგარეთი – 4 მატჩი, 9 ქულა (შაიბები: 24-7)
2. საქართველო – 4 მატჩი, 9 ქულა (შაიბები: 24-10)
3. თურქეთი – 4 მატჩი, 9 ქულა (შაიბები: 19-10)
4. ტაივანი – 4 მატჩი, 6 ქულა (შაიბები: 14-14)
5. ს. აფრიკა – 4 მატჩი, 3 ქულა (შაიბები: 7-18)
6. ჰონგ კონგი – 4 მატჩი, 0 ქულა (შაიბები: 3-32)
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ტაივანს შეხვდება, ბულგარეთი – თურქეთს. საქართველოს ნაკრებს პირველ ადგილზე გასასვლელად მოგებაც ეყოფა, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში, ითვალისწინებენ ურთიერთშეხვედრებს, საქართველოს კი ბულგარეთისთვისაც მოგებული აქვს და თურქეთისთვისაც.
ასე რომ, II დივიზიონში გადასასვლელად, 22 აპრილს საქართველოს ნაკრებს ტაივანის წინააღმდეგ აუცილებლად მოგება სჭირდება.