საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას გმობს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას გმობს.
დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.
რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და მოითხოვონ ანექსიის დეკლარაციის დაუყოვნებლივ უკან გაწვევა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ.
კენჭისყრისას 35-მა წევრმა თავი შეიკავა.