საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანას უზრუნველყოფს
საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანას უზრუნველყოფს. ერთობლივი საწარმოს შექმნას ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომპანიებმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
საწარმო რუმინეთში იქნება ბაზირებული. 1 200 კილომეტრის სიგრძის ელექტროკაბელი საქართველოს და რუმინეთს დააკავშირებს და 2030 წელს ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება რუმინეთიდან ელექტროენერგიის უნგრეთში მიწოდება და იქიდან – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია წვლილის შეტანა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში.
„ერთობლივი საწარმო ბაზირებული იქნება ბუქარესტში, ასე რომ, რუმინეთი მრავალფუნქციურ როლს ასრულებს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ენერგოუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან და ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში წვლილის შეტანა. ამ ინფრასტრუქტურულ განვითარებას აქვს საკვანძო მნიშვნელობა ბაზრების გასახსნელად და ნამდვილად კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომაც.
„საუბარი როდესაც ეხება ენერგომომარაგებას, უნგრეთს აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი. პირველი – ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება; მეორე – ენერგომოხმარების უფრო მწვანედ გადაქცევა. აქ, ამ პროექტში ჩვენ ერთი გასროლით ორი მიზნის მიღწევა შეგვიძლია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პროექტი გვაძლევს სრულიად ახალ წყაროს. მეორე მხრივ, ეს პროექტი მწვანე ელექტროენერგიას მიაწვდის როგორც უნგრეთს, ისე რუმინეთს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ამასთან, ბუქარესტში გამართული მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმს.