საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში კი, 16 პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში 16 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან რუსულ ბაზარზე გავიდა. საუბარია 261 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტზე, რაც მთლიანი მოცულობის 14.7 პროცენტია.
რუსეთში 77.3 მილიონი დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, 58.8 მილიონი დოლარის ღვინოები, 30.7 მილიონი დოლარის მინერალური და მტკნარი წყლები, 19 მილიონი დოლარის ცენტრიფუგები, 14 მილიონი დოლარის სპირტიანი სასმელები.
საქართველოდან ექსპორტის 11.9 პროცენტი აზერბაიჯანში განხორციელდა (211 მილიონი დოლარი), 8.4 პროცენტი ბულგარეთში (149 მილიონი დოლარი), 8.3 პროცენტი სომხეთში (147 მილიონი დოლარი), 7.3 პროცენტი უკრაინაში (129 მილიონი დოლარი).
ექსპორტიორი ქვეყნების ათეულშია თურქეთი, რუმინეთი, აშშ, ჩინეთი და უზბეკეთი. მათ შორის, რუმინეთში პროდუქციის მიწოდება 297 პროცენტით არის გაზრდილი.
საქართველოდან ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 1 775.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-ივნისზე 11.5 პროცენტით მეტია.