საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა
საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა.
ქვეყნის იმიგრაციის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან 81 განაცხადი დაფიქსირდა, შარშან კი, ანალოგიურ პერიოდში, განაცხადების რაოდენობა 264-ს შეადგენდა.
2018 წელს დანიაში თავშესაფარი სულ საქართველოს 402-მა მოქალაქემ მოითხოვა. ერიტრეისა და სირიის შემდეგ, ამ მაჩვენებლით საქართველო მესამე ადგილზე იყო. ამასთან, თავშესაფარი დანიაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
წლების მიხედვით თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკა ასეთია: 2014 წელი – 111 განაცხადი; 2015 წელი – 100; 2016 წელი – 73; 2017 წელი – 76; 2018 წელი – 402; 2019 წელი (იანვარ-აგვისტო) – 81.
2018 წელთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან შემცირებულია სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიასა და ისლანდიაში.