საქართველო წლის ბოლომდე კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
კორეასთან ჩვენ გავაკეთეთ მიზანშეწონილობის კვლევა და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე კორეასთანაც დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ გაბუნიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით მოლაპარაკებების განახლება ინდოეთთან.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმართულებით მუშაობა კარგა ხნის წინ დავიწყეთ ინდოეთან, ისრაელთან. გაკეთდა შესაბამისი მიზანშეწონილობის კვლევა. ინდოეთთან 2020 წლის მარტში იყო დაგეგმილი პირველი რაუნდი, მაგრამ კორონავირუსის გამო ვეღარ ჩატარდა და ახლა ჩვენ ვცდილობთ, განვაახლოთ ეს პროცესი. ასევე, მიმდინარეობს კონსულტაციები ისრაელთან, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ალბათ წელს გვექნება ამის შესაძლებლობა, კორეასთან ასევე ჩვენ გავაკეთეთ მიზანშეწონილობის კვლევა და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე კორეასთანაც დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია აშშ. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ექსპერტულ დონეზე გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი გუშინ დაიწყო და, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები 17 მარტს დასრულდება. განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი ხელმოწერისთვის გამზადდება.
საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. ასევე, ჩვენს ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება აქვს ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც მოიცავს ოთხ ქვეყანას, მათ შორის შვეიცარიას, და დიდ ბრიტანეთთან.