27 და 29 ნოემბერს, ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩები გაიმართება.
ჩვენი 15 და 16-წლამდე ნაკრებები 2-2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ და ორივე სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდება.
ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელები, გიორგი ჩიტაური და ზვიად ჯელაძე შეგირდებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე“ შეკრებენ და მზადებას დაიწყებენ.
საინტერესოა, რომ ორივე ნაკრებში მოხვდნენ ლეგიონერები: გიორგი ჩიტაურის სიაში მოხვდნენ
ლუკა ლორია, ლევან ჯოლოხავა (ორივე – ვანეს ოლიმპიკი, საფრანგეთი), როინ კობლიანიძე (ინგოლშტადტი, გერმანია), გიორგი მესხი (ფიურსტენფელდი, გერმანია), ლუკა ჯაჭვლიანი (სპარტა, ჩეხეთი).
16-წლამდელთა თავკაცმა, ზვიად ჯელაძემ სხვებთან ერთად სერგი გაბელაშვილი (კრილია, რუსეთი) გამოიძახა. მის სიაშია საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, მიხეილ ფოცხვერიას ვაჟი, ივანე ფოცხვერიაც, რომელიც ლუგანსკის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, მაგრამ ქალაქის ოკუპაციის შემდეგ ოჯახი საქართველოში დასახლდა და უმცროსი ფოცხვერია ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვარჯიშობს.