საქართველო-შვეიცარიის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის ახლად არჩეული თავმჯდომარე მარკო კიეზასა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შვეიცარიის კონფედერაციის სენატორ, საქართველო-შვეიცარიის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის ახლად არჩეულ თავმჯდომარე მარკო კიეზასა და საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულ ირაკლი ხუცურაულს შორის ვიდეოჩართვა განხორციელდა. შვეიცარიელმა პარლამენტარმა საქართველოს მიულოცა ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მილოცვასთან ერთად, სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში.
„საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობა 102 წელს მოითვლის, მას შემდეგ რაც შვეიცარიამ 1918 წელს „დე-ფაქტოდ“ აღიარა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რის საფუძველზეც იმ პერიოდში თბილისში გაიხსნა შვეიცარიის გენერალური საკონსულო, ხოლო შვეიცარიაში დაფუძნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.