საქართველო-შვედეთის მატჩს ნიდერლანდელები განსჯიან - სერდარ გეზუბიუკის მოკლე ისტორია #1TVSPORT
ბათუმის არენაზე დღეს, 11 ნოემბერს გასამართი საქართველო-შვედეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის განსჯა უეფა-მ ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადას მიანდო – ინფორმაცია უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
მატჩს ნიდერლანდელი არბიტრები განსჯიან – მთავარი იქნება სერდარ გეზუბიუკი, ხოლო მისი ასისტენტები – იოსტ ვან ზუილენი და იოჰან ბალდერი, ხოლო მეოთხე მსაჯი იერუნ მანსჰოტი.
VAR-ზეც ნიდერლანდელები იმუშავებენ – მსაჯის ვიდეო-ასისტენტად კამპუს იოჰემი იმუშავებს, ხოლო მეორე თანაშემწედ – სანდერ ვან დერ ეიკი.
ნიდერლანდელ არბიტრს, სერდარ გეზუბიუკს საინტერესო ისტორია აქვს. ის ეთნიკური თურქია, დაიბადა ჰარლემში და ბავშვობა ემიგრანტების დასახელებაში გაატარა, სადაც თურქეთიდან, მაროკოდან და სურინამიდან ჩასული ემიგრანტები ცხოვრობდნენ.
ბავშვობაში გეზუბიუკი იყო მეკარე და თამაშობდა ჰარლემის „ოლიმპიას“ საფეხბურთო სკოლაში. შემდეგ მოყვარულთა ლიგაში არბიტრის რანგში თავის მოსინჯვა შესთავაზეს და დავალებას თავი გაართვა. მაშინ ემიგრანტის შვილს სხვა არჩევანი არც ჰქონდა.
ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ვილემ ვან ჰანეგემმა („ფეინოორდისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მოთამაშე, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი) პროფესიული სამსაჯო საქმიანობა შესთავაზა. 20 წლის ასაკში გეზუბიუკმა მიიღო ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევდა ყოფილიყო მეოთხე სარეზერვო მსაჯი პირველ დივიზიონში, ხოლო 25 წლის ასაკში უკვე ერედივიზიაში მუშაობდა – ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსაჯი ლიგის ისტორიაში. თამამი დებიუტიც ჰქონდა – პირველივე შეხვედრაში მოედნიდან ფეხბურთელი გააძევა.
გეზუბიუკი იხსენებდა, რომ 15 წლის მაკდონალდსში მუშაობდა და მენეჯერმა დასცინა. ფორმა გაიხადა და მაშინ მიხვდა, რომ ოდესღაც უნდა დაეარსებინა საკუთარი კომპანია, რათა არ ყოფილიყო დამოკიდებული ასეთ ადამიანებზე. ის აღიარებს, რომ ნიდერლანდებში არაერთხელ შეხვედრია მიგრანტების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. მაკდონალდსში გაჩენილი ოცნებაც აუხდა და მას აქვს ორი ბიზნესი, ორივე ტურიზმთანაა დაკავშირებული.
გეზუბიუკი, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, მუდმივად სტუმრობს სკოლებს და კითხულობს ლექციებს. მას ყოველთვის მოჰყავს თავისი მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოხვიდე ემიგრანტების დასახლებიდან წარმატებული ადამიანი – სერდარ გეზუბიუკი რამდენჯერმე გახდა ლიგის საუკეთესო არბიტრი და წარმატებული ბიზნესი აქვს.
თუმცა, მის ბიოგრაფიაში არის ეპიზოდები, რომელზეც საეჭვოა, რამე დაწეროს – 36 წლის სერდარ გეზუბიუკი ექვსი წლის წინ გარიგებული მატჩების თანამონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი. გაზეთ Volkskrant-ის ცნობით, საუბარი იყო ნიდერლანდების მეორე ლიგის ორ მატჩზე. მაგრამ საბოლოოდ მაინც გაამართლეს.