კვარაცხელიას შოუ - საქართველომ ზლატანის შვედეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  • „ჯვაროსნებმა“ ბოლო 9 წელიწადში საკუთარ მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად მოიგეს.

  • ზურაბ ხიზანიშვილმა ვილი სანიოლის არყოფნაში (ორი გაფრთხილება) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის როლში პირველი მატჩი ჩაატარა.

  • ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევში ოთხი გოლი გაიტანა. ორი შვედეთთან 11 ნოემბრის შეხვედრაში.

  • საქართველოს ნაკრებმა ყატარი 2022-ის შესარჩევი ეტაპი ორი გამარჯვებით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივარი, როგორც იქნა, გაახარა. შვედეთთან მატჩში გუნდს ზურაბ ხიზანიშვილმა უხელმძღვანელა – მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს, ორი ყვითელი ბარათის გამო, დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

მაგრამ ცხადია, გადაწყვეტილებები ფრანგმა მწვრთნელმა მიიღო. ვილი სანიოლმა სტუმრებს ბათუმის სტადიონზე გუნდი 3-4-3 სქემით დაუპირისპირა. ძირითად შემადგენლობაში არ იყო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, ასევე თადარიგში დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე, ცენტრალურ თავდამსხმელად წასწია ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი. ეს ვილი სანიოლის დაყენებული სამი ძირითადი სიურპრიზი იყო. შვედეთის ნაკრები საქართველოს ტრადიციული 4-4-2 სათამაშო სქემით და ძირითადში ზლატან იბრაჰიმოვიჩით დაუპირისპირდა.

შვედებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს და მონდომებულები თამაშობდნენ. პირველი საგოლე მომენტი ჩვენმა ნაკრებმა საკუთარ კართან მე-14 წუთზე არაფრისგან შექმნა – მცველმა ბურთი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩააბარა, რომელმაც ემილ ფორსბერგი მოძებნა – დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია, დამატებაზე კი ვიქტორ ლინდელოფის გასროლილი ბურთი ჩვენმა მცველმა ხაზიდან გამოიტანა.

სტუმრები თამაშს აკონტროლებდნენ და აგრესიულად და მწვავედ უტევდნენ. 22-ე და 27-ე წუთებზე კარში მეტოქეს გიორგი ლორიამ ახლოდან არ გაატანინა. ჩვენი გუნდი 28-ე წუთზე შვედების მორიგ იერიშსაც გადაურჩა. 31-ე წუთზე ლაინსმენმა ალექსანდერ ისაკზე თამაშგარე გაატარა, მაგრამ გიორგი ლორიამ პირისპირ დარჩენილ „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელს აჯობა და გადაგვარჩინა. ჩვენი ნაკრები სწრაფი შეტევებით ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, იყო გამწვავების მცდელობა, მაგრამ რეალურად, სტუმართა კარს ჩვენები მე-40 წუთზე დაემუქრნენ. ნიკა კვეკვესკირის წამოწყებული შეტევა ირაკლი აზაროვმა და ხვიჩა კვარაცხელიამ სწრაფად განავითარეს, კარში კი მახვილი კუთხიდან საბა ლობჟანიძემ დაარტყა და სტუმრები გადარჩნენ – მშვენიერი შეტევა გამოვიდა.

მეორე ტაიმში შვედებმა პირველად კარში 51-ე წუთზე დაარტყეს – ჯარიმა ემილ ფორსბეგმა შეასრულა და ლორიამ საიმედოდ ითამაშა. ორ წუთზე ჯარიმა უფრო ახლო მანძლიდან დაინიშნა, რომელიც ზლატანმა შეასრულა და კარს ააცილა. 57-ე წუთზე კი აშკარა გოლს გადავრჩით – ზლატანმა კარის წინ ვიქტორ კლაესონი დატოვა, რომელმაც ორიოდე მეტრიდან ააცილა. ასეთ ბრძოლაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა: თორნიკე ოქრიაშვილის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, საჯარიმოში თავით დათა ხოჭოლავამ ბურთი ირაკლი აზაროვს კარის წინ გადააწოდა, რომელსაც ორჯერ არ გაატანინეს, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტად დაარტყა და ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა. ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ მედიაში დაწყებულ შავ პიარს ამ მატჩში დაუსვა წერტილი.

მან დიდებული მატჩი ჩაატარა. 76-ე წუთზე კიდევ ერთხელ ძალიან სახიფათოდ შეუტია, მაგრამ მისი ძლიერი და ზუსტი დარტყმის შემდეგ, შვედების მეკარე რობინ ოლსენმა ბურთი „ცხრიანიდან“ ჩამოხსნა. მაგრამ 77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მორიგი რეიდით ტოპ-ლიგის მცველებს შორის ლამაზად გაძვრა, დუბლი შეასრულა და საქართელოს ნაკრები 2:0 დააწინაურა. შვედები ისედაც მთელი ძალებით უტევდნენ და ახლა საერთოდ 11 კაცი შეტევაში წამოვიდა. 83-ე წუთზე ალექსანდერ ისაკმა თავურით სცადა კარის აღება და ლორიამ ახლოდან არ გაატანინა. ბოლო წამებზე ისევ ზლატანმა შეუტია, ააცილა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა 2:0.

„ჯვაროსნებმა“ ბოლო 9 წელიწადში საკუთარ მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად მოიგეს, ამ შესანიშნავი გამარჯვებით 8 შეხვედრაში 7 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს, ხოლო შვედებს საქმე ძალიან გაურთულდათ და პირველი ადგილის დასაკავებლად 14 ნოემბერს სევილიაში ესპანეთს დაუპირისპირდებიან.


საქართველო – შვედეთი 2:0


გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (77).

11 ნოემბერი, ბათუმი.

საქართველო (3-4-3): გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დათა ხოჭოლავა – საბა ლობჟანიძე (80. გოგა ჩაბრაძე), ნიკა კვეკვესკირი (90, გიორგი აბურჯანია), ვაკო გვილია, ირაკლი აზაროვი – გიორგი წიტაიშვილი (70, ზურიკო დავითაშვილი), თორნიკე ოქრიაშვილი (70. დავით ვოლკოვი), ხვიჩა კვარაცხელია (80. ვაკო ყაზაიშვილი)

შვედეთის ნაკრები (4-4-2): რობინ ოლსენი – ემილ კრაფტი, ვიკტორ ლინდელოფი, იოაკიმ ნილსონი, ლუდვიგ ავგუსტინსონი – ვიქტორ კლაესონი (74. დეიან კულუშევსკი), კრისტოფერ ოლსონი, მატიას სვანბერგი, ემილ ფორსბერგი – ალექსანდრ ისაკი (86. იესპერ კარლსონი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მთავარი არბიტრი: სერდარ გეზუბიუკი (ნიდერლანდები) გაფრთხილებები: ოქრიაშვილი (53), აზაროვი (55), ნილსონი (64), კაშია (90+1)

 

B ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

მატჩისშემდგომი ემოცია:

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Georgia • GFF (@georgiagff)

დატოვე კომენტარი