ისაკის პასუხი იბრაჰიმოვიჩზე - ვერ ვიტყვი, რომ მის გვერდით ნაკლებად აქტიური და ამბიციური ვარ #1TVSPORT
ისაკის პასუხი იბრაჰიმოვიჩზე - ვერ ვიტყვი, რომ მის გვერდით ნაკლებად აქტიური და ამბიციური ვარ #1TVSPORT

საქართველოსთან მძიმე მარცხის შემდეგ (2:0), შვედეთში დებატებია ზლატან იბრაჰიმოვიჩის გავლენაზე ნაკრების შემტევ თამაშზე და მის უარყოფით როლზე. „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი იცავს ზლატანს, მაგრამ აშკარაა, რომ თავს კომფორტულად მაინც ვერ გრძნობს.

ისაკი წაგების მეორე დღეს პრესკონფერენციაზე მედიას შეხვდა და განვლილ მატჩზე ილაპარაკა.

„პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა, მატჩის სურათი მთლიანად შეიცვლებოდა. ჩვენ ბევრ მომენტს ვქმნით ერთად და გუნდის დახმარებითაც. მაგრამ მოსაგებად გატანაა საჭირო, რაც ვერ მოვახერხეთ – ეს ძალიან სამწუხაროა”, – ამბობს ისაკი.

 

„შეცვალეთ თამაში, როცა ზლატანთან თამაშობდით?“ – Sportbladet-მა პრესკონფერენციაზე ალექსანდერ ისაკს სთხოვა შეეფასებინა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დუეტში თამაში.

„ცოტა სხვანაირად ვითამაშე, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი მუშაობა დაგვჭირდება. მაინც ვფიქრობ, რომ საკმარისად კარგად გამოვიყურებოდით, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მომენტი შევქმენით, ზოგჯერ ბურთი არ გადის“.

საკითხავი იყო ისიც, ვარსკვლავის გვერდით ალექსანდრე ისაკი ნაკლებად აქტიური და ამბიციური ხომ არ ხდება.

„არ ვიცი, გასაგებია, რომ როცა ზლატანთან ერთად ვთამაშობთ, ის ძალიან დიდი და ძლიერია და ზლატანზე შეიძლება მეტი ბურთი მიდიოდეს, ვიდრე სხვას რომ ეთამაშა. სხვა თავდამსხმელით განსხვავებული ფეხბურთი იქნება, მაგრამ ჩვენ წარმოუდგენელი რაოდენობის მომენტებს ვქმნიდით, ამიტომ ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ უარესი თამაში ვაჩვენეთ“.