შვედეთის სავარაუდო შემადგენლობა - საქართველოს წინააღმდეგ ზლატანით იწყებენ #1TVSPORT
შვედეთის სავარაუდო შემადგენლობა - საქართველოს წინააღმდეგ ზლატანით იწყებენ #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე დღეს საქართველოს ნაკრები ბათუმის სტადიონზე შვედეთს შეხვდება. შვედური გამოცემა Sportbladet-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი შემტევ წყვილს ალექსანდრ ისაკთან ერთად შექმნის.

„ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს. საბერძნეთის წინააღმდეგ მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ ალბინ ეკდალი დისკვალიფიცირებულია და მის ნაცვლად მათიას სვანბერგი იქნება. დაცვაში კი ვიქტორ ლინდელოფი იოაკიმ ნილსონთან ერთად დაწყვილდება“, – წერს შვედური გამოცემა.

მატჩამდე შვედების მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა განაცხადა, რომ ახლა გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთან მატჩი, რომელთა მოგების გარეშეც ესპანელების ჯგუფში ჩატოვებაზე ფიქრი არარეალური იქნება.

„ზლატანის თამაში ნიშნავს, რომ სათადარიგოთა სკამზე დეიან კულუშევსკი გადაინაცვლებს. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ანდერსონი იმედოვნებს, რომ მარჯვენა ფლანგზე მის იმედებს ვიქტორ კლაესონი გაამართლებს. ეს იქნება ზლატანის პირველი თამაში ეროვნულ ნაკრებში მარტის შემდეგ, როდესაც კოსოვოსთან გამარჯვების გოლი გაიტანა. თუ მოულოდნელი არაფერი მოხდა, ეს ის თერთმეტეულია, რომლითაც იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩში დაიწყებენ“, – ამტკიცებს შვედური გამოცემა.

Sportbladet-ის ცნობით, შვედეთის ნაკრები საქართველოს ტრადიციული 4-4-2 სათამაშო სქემით დაუპირისპირდება.

შვედეთის ნაკრები (4-4-2 სქემა):

რობინ ოლსენი – ემილ კრაფტი, ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი, იოაკიმ ნილსონი, ლუდვიგ ავგუსტინსონი – ემილ ფორსბერგი, კრისტოფერ ოლსონი, მატიას სვანბერგი, ვიქტორ კლაესონი – ალექსანდრ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).