საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიისგან 16 მილიონ ევროს მიიღებს
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა ხელი მოაწერეს ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროს ინფორმაციით, შეთანხმება გულისხმობს ევროკომისიის მიერ EIB-ის საინვესტიციო გრანტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მოცულობაც 16 მილიონ ევროს შეადგენს და გამიზნულია ისეთი პროექტის განხორციელებისთვის, როგორიცაა „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციები (GTC) – საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება“.
მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოში განვითარდეს საგზაო-სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა, რაც, თავის მხრივ, დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან.