საპატრიარქო - თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ეფექტური გამოძიება პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს
საქართველოს საპატრიარქო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებული წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. ამასთან, განცხადების თანახმად, ყველასთვის აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა.
ასევე, საპატრიარქო ყველას მშვიდობისაკენ მოუწოდებს და აქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ისე, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით.
„ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა.
დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა.
ბატონი ზაზა აცხადებს, რომ იგი თვეების მანძილზე ცდილობდა სამართალდამცავთა ყურადღების მიპყრობას პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.
ეს ადამიანი არის სამართლიანად განაწყენებული და ამდენად მართალი, თუნდაც მისი არგუმენტები არ იყოს ბრალდებისათვის საკმარისი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.
ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებული წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, – რა თქმა უნდა, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ყველასთვის აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა და ამის პასუხისმგებლობის გაცნობიერება, მისასალმებელია საზოგადოების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია.
ეკლესია გამაერთიანებელია და, ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.
ამ მიმართულებებით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას.
თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ვფიქრობთ, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.