საქართველო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის 68 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის საქართველოში, გრანტის სახით, 68 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის ინვესტირება მოხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველო ავრცელებს.
2018 წელს, ფონდი საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს, დაგეგმილია თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი 4,750 კვადრატული მეტრი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
7 თებერვლის კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის პროექტების შესახებ.
2015 – 2017 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში დაასრულა 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია (მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და ქვემო ქართლში) და დამატებით დაიწყო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში.
2018 წელს დაიწყება 33 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში.
2017-2018 წლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა და თანამედროვე აღჭურვილობით მოაწყო 4,250 კვადრატული მეტრის სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა.
2017 წელს ფონდმა შეისყიდა ოთხი მილიონი აშშ დოლარის უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და სიმულატორები ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამისთვის.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ: 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, – აღნიშნულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს ინფორმაციაში.