საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” პირველად მიიღებს მონაწილეობას [ვიდეო]
საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” პირველად მიიღებს მონაწილეობას [ვიდეო]

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში კულინარიულ გამოფენაზე „Sirha 2019” პირველად წარდგება. გამოფენა 26-დან 30 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია, ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა. ასევე მისი, როგორც ბრენდის შექმნა და დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე.

„„Sirha 2019“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული კულტურის უნიკალურობა და, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნოს.

გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენს 7 ახალგაზრდა მზარეული შეფმზარეული ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ.

„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.

„Sirha 2019”-ის პარალელურად, ასევე ლიონში იმართება მსოფლიოს ყველაზე დიდი გასტრონომიული ჩემპიონატი “Bocuse d’Or 2019”, ამ გამოფენისა და ჩემპიონატის ორგანიზატორები ერთი და იგივე გუნდია, მათთან ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველო გახდება “ბოკუზ დორის” გასტრონომიული ოჯახის წევრი და ქართული დელეგაცია ეცდება, საქართველო მოხვდეს 2021 წლის მსოფლიოას და ევროპის კულინარიულ ჩემპიონატზე.

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსაკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.