საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომელიც გასულ წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენის მთავარი თემატიკაა – Connecting Minds, Creating the Future, რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.
„საქართველოს პავილიონი განთავსებულია მდგრადი განვითარების სექციაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ექსპოზე ჩამოსულ მილიონობით დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას, ტურისტულ, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ექსპოზე წარმოდგენილ ქართულ პავილიონში გახსნის წინამოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. საქართველოს პავილიონი ოთხ ნაწილად იქნება წარმოდგენილი – მეღვინეობა; ქართული დამწერლობა, მდგრადი ტურიზმი, მისი კავშირი საქართველოს ბუნებრივ ლანდშაფტთან და ისტორიულ ძეგლებთან დაბოლოს, ბიზნეს შესაძლებლობები.
საქართველოს პავილიონში შესვლამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ცნობილი ქართველების სტენდი, რომლებიც მრავალი წელია შთააგონებენ თაობებს, ხელს უწყობენ ქალთა გაძლიერებას, სპორტის, მეცნიერების, განათლებისა და მუსიკის პოპულარიზაციას. პავილიონის გვერდითი ფასადი გააცნობს მნახველებს მსოფლიოში აღიარებული მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატებს.
პავილიონში შესვლისას ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ აუდიო გიდის მომსახურება: მოისმინონ მოკლე ინფორმაცია ზოგადად ქვეყნის და საქართველოს პავილიონის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნული განხორციელდება QR კოდის მეშვეობით.
გარდა ამისა, პავილიონი მუსიკალურად გაფორმებული იქნება ქართული ხალხური სიმღერებით. ასევე წარმოდგენილი იქნება ვიზუალური ექსპონატები, მათ შორის უძველესი ქვევრი (თიხის ჭურჭელი ღვინის შესანახად და დასაყენებლად), იუნესკოს მიერ აღიარებული სვანური კოშკის ასლი და ქართული ანბანის ამსახველი ქანდაკება. ასევე ფოტოსურათები და ილუსტრაციები შექმნიან დასამახსოვრებელ გამოცდილებას, გააცოცხლებს რა სასწაულისა და საოცრების შეგრძნების მოლოდინს. იმავდროულად, საგანმანათლებლო პანელები უზრუნველყოფენ ამ საოცარი ვიზუალური მასალის გასააზრებლად საჭირო კონტექსტს და ისტორიას, რაც დამთვალიერებლებს კიდევ უფრო გაუძლიერებს საქართველოსთან კავშირის შეგრძნებას“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მეღვინეობის განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნის უძველეს ქვევრი, რომელსაც ახლავს შუქურები, სადაც გამოჩნდება თამადას ისტორიული ქანდაკება, საწნახელი და სუფრა, ასევე ეკრანებზე ნაჩვენები იქნება ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, მისი დაყენების, ყურძნის ჯიშებისა და მარანის (ტრადიციული ქართული მარნების) ფუნქციონირების შესახებ.
„გამოფენაზე 29 დეკემბერს აღინიშნება ეროვნული დღე, რომელიც შედგება ოფიციალური გახსნის ცერემონიისა და გალა კონცერტისგან, სადაც იქნება წარმოდგენები ქართველი პოლიფონიური მომღერლებისა და სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით. ასევე, სხვა თემატური აქტივობების ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინისა და გასტრონომიისა და საქართველოს კალიგრაფიის დღე, რომელიც გამდიდრებული იქნება თეატრალური პერფორმანსით. ზემოხსენებული ღონისძიებები გაიმართება AL Wasl-ში, დუბაის ათასწლეულის ამფითეატრსა და საიუბილეო პარკში. გარდა ხსენებული აქტივობებისა, ასევე იგეგმება ჭადრაკის დღის ორგანიზება, სადაც მეგობრულ მატჩს გამართავს საქართველოს მოჭადრაკეთა გუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან.
Expo 2020 Dubai, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უდიდეს ღონისძიებას წარმოადგენს, დღეს ოფიციალურად გაიხსნება და 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გახსნით ღონისძიებას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი“,- – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.