2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. შესაბამისი პრესრელიზი ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ.
სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.
საქმის შესწავლის შემდეგ სასამართლომ დაასკვნა, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტოს) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება) და განაცხადის აღნიშნული ნაწილი დაუშვებლად ცნო. თუმცა დადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა „ეფექტიან კონტროლს“ სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიდოში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე მიუთითებდა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიანი კონტროლი“ გრძელდებოდა. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება).
კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა:
· 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება);
· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარება;
· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და მე-8 მუხლებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), ასევე კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს (საკუთრების დაცვა).
· ერთხმად, რომ ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 2008 წლის 10-27 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება);
· ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) საქართველოს 160 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავების პირობებთან და დამამცირებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უნდა იქნას განხილული როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა;
· ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-5 მუხლს (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით;
· ერთხმად, რომ 2008 წლის 8-17 აგვისტოს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად;
· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასთან დაკავშირებით;
· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში, ან აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს;
· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს (მიმოსვლის თავისუფლება) საქართველოს მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობასთან დაკავშირებით;
· ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას (განათლების უფლება);
· ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა პროცედურული ვალდებულება კონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად, ჩაატაროს არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენების, არამედ ასევე საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარი მოვლენების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება;
· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ დარღვევას;
· ერთხმად, რომ განმცხადებელი მთავრობის საჩივრის მე-13 მუხლის სხვა მუხლებთან შესაბამისობის ცალკე განხილვის საჭიროება არ არის;
· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
· ერთხმად, რომ კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილებისთვის და შესაბამისად სრულად უნდა გადაიდოს.