საქართველო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან ხელშეკრულების ფარგლებში 45 მლნ ევროს ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტს მიიღებს
საქართველო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, 45 მლნ ევროს ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტს მიიღებს.
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (განვითარების პოლიტიკის ღონისძიება ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისათვის)“ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
„ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში მოდის. კონკრეტული მიზნობრიობა აქ დაფუძნებულია რეფორმებზე, რასაც ქვეყანა ახორციელებს. გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რაც საფუძვლად დაერთო ამ თანხის გამოყოფას. შესაბამისად წელს უკვე ამ თანხას მივიღებთ ყოველგვარი პირობების გარეშე, 45 მლნ ევროს ჩარიცხვა მოხდება რატიფიცირებიდან მალევე. ველოდებით, რომ მაქსიმუმ მაისში ეს თანხა იქნება უკვე ჩამორიცხული. ეს იქნება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი, არ ექნება რამე კონკრეტული მიზნობრიობა“, – განაცხადა კაკაურიძემ.
რაც შეეხება პირობებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სესხი 25 წლიანია, მათ შორის 14 წლიანი საშეღავათო პერიოდი. სესხის ფარგლებში წლიური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 1.25 პროცენტი იქნება.
საქართველოს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება „განვითარების პოლიტიკის ღონისძიება ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისთვის“ მიმდინარე წლის 30 მარტს გაფორმდა. სასესხო შეთანხმების ფარგლებში მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს 45 მლნ ევროს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.