საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა
საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა

საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ 2019 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა. „რეგულირების ხარისხის“ შეფასებისას, სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა, მსოფლიო ბანკი დაეყრდნო რვა სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას, რომელთა შორის აღსანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც „რეგულირების ხარისხი“ შეაფასა მიმართულებებით: არასამართლიანი კონკურენციის პრაქტიკა; ფასების კონტროლი; დისკრიმინაციული ტარიფები; ჭარბი პროტექცია; დისკრიმინაციული გადასახადები.

სამინისტროს ცნობით, საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა ზედიზედ მეორედ, შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 80 პროცენტი, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში მეთოთხმეტე, ხოლო ევროპაში მერვე პოზიციაზე გავიდა.

საქართველო „რეგულირების ხარისხით“ უსწრებს ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორებიცაა: შვედეთი, კანადა, აშშ, ესპანეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი და ა.შ. ამასთან, უთანაბრდება ისეთ მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: ავსტრია, ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ბელგია, პორტუგალია, ესტონეთი.

ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ბანკის აღნიშნულ მასშტაბურ გამოკვლევაში Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის საფუძველზე, საქართველო კორუფციის კონტროლისა და ბიუროკრატიის შეფასების მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულებში მოხვდა.