საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხნენ 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
„კვლევაში არსებული კითხვები, ფარავს ზუსტად იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნესგარემოს შემაფერხებელი ფაქტორები.
საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.
„გლობალურად, კორუფციის არსებობა ბიზნესგარემოზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3 პროცენტს შეადგენს. მაშინ, როცა აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 10 პროცენტი, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12 პროცენტია.
ასევე, საუკეთესო მაჩვენებელია იმ სამთავრობო ინსტანციებზე, სადაც ზოგადად, ყველაზე დიდი ალბათობაა, რომ დაფიქსირდეს ქრთამის მოთხოვნის/შეთავაზების ფაქტი (სამშენებლო ნებართვები, სამთავრობო კონტრაქტები და საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრები). საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9- 15 პროცენტს აღწევს, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 10-19 პროცენტს.
0 ერთეულს (პროცენტს) შეადგენს კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად (მსოფლიოს საშუალოდ – 13 პროცენტი). შესაბამისად 0-ის ტოლია საჩუქრის ღირებულებაც, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადაიხადონ, სამთავრობო კონტრაქტის შესანარჩუნებლად. ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ საწარმოთა კვლევა მეტად მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც აფასებს ქვეყნის კერძო სექტორის სიჯანსაღეს და ფაქტობრივად ერთ-ერთი იმ რამდენიმე კვლევათაგანია, რომელიც ჭეშმარიტად გლობალურია თავისი დაფარვით.
„ჩემი აზრით, კვლევის შედეგები ძალიან საინტერესოა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მეწარმეები, ფირმების დირექტორები აქ საქართველოში გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავენ რეგულირების ტვირთის გამო საგადასახადო განაკვეთებთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ნებართვების აღება გაცილებით სწრაფად ხდება სხვა ქვეყნებთან შედარებით, და ზოგადად, ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა, მსგავს ქვეყანაში. აღინიშნება მნიშვნელოვანი მიღწევა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და საქართველო ამ მხრივ მოხვდა წამყვანი ქვეყნების ათეულში. თუმცა, მეორე მხრივ, კვლავაც არსებობს გადასაჭრელი პრობლემები, ძირითადად, ინფრასტრუქტურასთან, ასევე სამშენებლო ნებართვების აღებასთან (სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით), დაფინანსების ხელმისაწვდომობასთან და ბოლოს, ადეკვატური განათლების მქონე შრომით რესურსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უშუალოდ საქართველოს შესახებ ანგარიში 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, ანგარიშს რამდენიმე ქვეყნის მონაცემი დაემატა, ამიტომ საქართველოს შედარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან დღეისათვის უკვე შესაძლებელია და გამოქვეყნებულია მსოფლიო ბანკის სპეციალურ ვებგვერდზე.
„ცნობისთვის: 2012 წლისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელებისა (9.84 პროცენტი) და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების (8.72 პროცენტი) მიხედვით შესაბამისად 8-15-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2019 წელს. 2012 წელს მონაცემები 2008 წლის კვლევას წარმოადგენდა.
ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირე და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების ინდიკატორები მკვეთრად გაუმჯობესდა (შესაბამისად: 1.43 პროცენტი და 0.94 პროცენტი). ყველაზე საუკეთესო შედეგი კი 2019-2020 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.3 პროცენტამდე გაუმჯობესდა (ფირმების მაჩვენებელი, რომლებსაც ქრთამის აღების მოთხოვნის ერთი ფაქტი მაინც შეემთხვათ), ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი 0.6 პროცენტამდე შემცირდა (საჯარო ტრანზაქციების მაჩვენებელი, სადაც ქრთამი და არაფორმალური სახდელი იყო მოთხოვნილი).