საქართველო-პორტუგალიას შორის შრომითი მიგრაციის შეთანხმების ფარგლებში კონკრეტული დარგები და კვოტები განისაზღვრება
საქართველო-პორტუგალიას შორის დროებითი შრომითი მიგრაციის საკითხზე დაწყებული მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე კონკრეტული დარგებისა და კვოტები განისაზღვრება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საამისოდ ჯერ პორტუგალიის შრომითი ბაზრის კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა მისი საჭიროებები გამოვლინდეს. ორგანიზაცია საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან ლეგალური შრომითი მიგრაციის მიმართულებით კონსულტაციებს უწევს.
„აქ არ არის ერთი უნივერსალური ფორმულა, ეს დამოკიდებულია კონტექსტსა და ორმხრივ ურთიერთობებზე, აგრეთვე შრომით ბაზარზე არსებულ საჭიროებებზე. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მექანიზმი მხარეებს შორის უნდა შეთანხმდეს, ეს პროცესი კი, ამჟამად მიმდინარეობს. რთულია, ვივარაუდოთ კვოტების რიცხვი. ასეთი ხელშეკრულება უკვე გვაქვს საფრანგეთთან. მაგალითად, საფრანგეთის შემთხვევაში ხელისუფლებამ კვოტა წელიწადში საქართველოს 500 მოქალაქეზე გამოყო. თუმცა, ეს დამოკიდებულია სიტუაციასა და შრომითი ბაზრის საჭიროებაზე კონკრეტულ ქვეყნებში, ასევე იმ შეთავაზებაზე, რაც საქართველოს შეუძლია მიაწოდოს სხვებს, სხვადასხვა უნარებისა თუ პროფილების სახით, რაც ამ ქვეყნებშია მოთხოვნადი“, – აცხადებს საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი საქართველოს პირველ არხთან საუბარში.
მისი თქმით, ლეგალური მიგრაციის მიმართულებით დაწყებული მოლაპარაკებები საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებების გარდა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეცაა ფოკუსირებული.
„საქართველო ისტორიულად დიდი ემიგრაციის მქონე ქვეყანაა, ძირითადად კი, ემიგრაცია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით იყო მოტივირებული. ქართველი მიგრანტების დიდი ნაწილი არის ე.წ. რეგულარული მიგრანტი, ვინც მუშაობს არაფორმალურ სექტორში ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოებში. ეს ხშირად მათ უქმნით შრომითი თუ ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს, შეიძლება ითქვას, რომ მათ ნაკლები სოციალური დაცულობა აქვთ. ამ საკითხის გადასაჭრელად, შრომითი მიგრაციის საკითხის დარეგულირებით ქართული სახელმწიფო პირველ რიგში მისი მოქალაქეების დაცულობაზე ზრუნავს, თუმცა ეს საკითხი კიდევ უფრო შორს მიდის, საქართველოს განვითარებისკენ, რადგან საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილები საქართველოში ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე. მხოლოდ 2017 წელს, დაახლოებით მილიარდ 360 მილიონი დოლარი სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ქართველების მიერ იყო გამოგზავნილი”, – აღნიშნა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ევროპულ შრომით ბაზარზე კვალიფიციურ, ფართო პროფილის სამშენებლო მუშებზე, შემდუღებლებზე და სატრანსპორტი სფეროს სპეციალისტებზეა მოთხოვნა. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო ეტაპებზე სპეციალიზაციის არეალი გაიზარდოს და მოთხოვნა უკვე მომსახურების ინდუსტრიაში, სასტუმროებში, აგრიკულტურისა თუ აიტი ტექნოლოგიების დარგში მომუშავე სპეციალისტებზეც იყოს.
„ეს ნიშნავს, რომ ახლა ორმა ქვეყანამ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რათა პოტენციურად ავაწყოთ თანამშრომლობა. ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით გზას, რაც მიგვიყვანს ბოლო პუნქტამდე, რასაც ჰქვია აწყობილი თანამშრომლობა დროებითი შრომითი მიგრაციის პროცესში. ეს დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე: თანამშრომლობა შრომის სამინისტროებსა და დასაქმების სისტემებს შორის, რა მოთხოვნაა პორტუგალიის შრომით ბაზარზე, რა კვალიფიკაციები და რესურსები სჭირდებათ მათ, აქედან რისი მიწოდება შეუძლია ქვეყანას შრომით ბაზარზე, რა პროფილის და კვალიფიკაციის სამუშაო ძალა გვყავს და აკმაყოფილებს თუ არა იგი იმ საჭიროებებს, რაც პორტუგალიის შრომით ბაზარს სჭირდება. შესაძლებელია, ლაპარაკი იყოს კვოტირების სისტემაზე, გარკვეული რაოდენობის კვოტა გამოიყოს ან შესაძლოა, იყოს თანაშრომლობის სხვა ჩარჩო”, – აღნიშნა ნათია კვიციანმა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პოლონეთში უკვე ამოქმედებულია დროებითი მიგრაციის საპილოტე სქემა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული სქემის მეშვეობით გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს განიხილეს.