საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ფიქრათ მამადოვმა ბათუმში, ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გახსნეს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები, ასევე სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები.
„ფორუმზე მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისთვის.
სამართლებრივი ფორუმი იმ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის გასულ წელს ვენეციაში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, რატი ბრეგაძის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველწლიური ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის გამართვას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.