საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა.
დღეს, 27 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.
მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი. დისკუსიის მიმდინარეობისას სპიკერები იმსჯელებენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ, ინდუსტრიის განვითარების პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას. მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.
2023 წლის გაზაფხულზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.