საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს
საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას.
„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადაეცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო.
შემდგომი პროცედურა, რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა რეფორმა, რომელიც ტარდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან პროცედურას სწორად გაივლის.
„აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა წინასწარ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან ალბათ რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და ჩავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.
როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.