საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკები გამოიცა
კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის ფოსტის თავმჯდომარემ, ფალეჰ მუჰამედ ალ ნუაიმიმ 18 ივნისს ქალაქ დოჰაში საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები წარადგინეს.
ნიკოლოზ რევაზიშვილმა მადლობა გადაუხადა კატარულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და კატარს შორის არსებულ ურთიერთობებს.
მხარეებმა აღინიშნეს, რომ ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკა, რომელზეც საქართველოსა და კატარის დედაქალაქების ღირშესანიშნაობები არის გამოსახული, წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ სიმბოლოს. საიუბილეო საფოსტო მარკების გამოცემის ცერემონია კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და კატარის და საქართველოს ფოსტებთან ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.