პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი მორაგბეები კანადას 23:8 ამარცხებენ.
მატჩის პირველივე წუთებზე დერეფნის შემდეგ ლაშა ხმალაძემ ფრთაზე მოდებაძეს გადაუკიდა, რომელმაც ბრძოლაში მოიგო და პასი მათიაშვილს გადააწოდა. საქართველოს ნაკრების ფულბეკს ლელოს დადება არ გასჭირვებია. გარდასახვა კიდიდან თავად მათიაშვილმა შეასრულა – 7:0 “ბორჯღალოსნების” სასარგებლოდ.
შემდეგ კანადელებმა შეუტიეს მასპინძლებს. ქართველი მორაგბეები რაქში ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდნენ და მეტოქემ საჯარიმო დარტყმა სამ ქულად გარდასახა.
თამაშის განახლებისთანავე, უკვე კანადელები შეცდნენ რაქში თამაშისას და სოსო მათიაშვილმა შვიდ ქულიანი სხვაობა აღადგინა.
13-ე წუთზე კანადელთა ნახევარზე მათივე შერკინება დაინიშნა, თუმცა ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს, დაჯარიმდნენ და მათიაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა – 13:3.
24-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა საკუთარ ნახევარზე ფაზები ერთმანეთს გადააბა, რასაც მეტოქის ოცდაორისკენ ვასილ ლობჟანიძის კარგი დარტყმა მოჰყვა. ქართველებმა მეტოქის იერიში იქვე ჩახურეს და რაქში დააჯარიმეს. დარტყმა ზუსტად კვლავ “ბორჯღალოსნების” ფულბეკმა შეასრულა – 16:3.
ამის შემდეგ კანადელები მასპინძლების 22 მეტრიან ზონაში გამაგრდნენ და მოლით უტევდნენ. ქართველები ზედიზედ დაჯარიმდნენ, თუმცა სტუმრებმა კარში აღარ დაარტყეს, ხოლო ლელოს დადება ვერ მოახერხეს.
34-ე წუთზე 22 მეტრიან ხაზთან “ბორჯღალოსნების” შერკინება იყო. ქართველი მორაგბეები კარგად მიაწვნენ, თუმცა მსაჯმა ისინი დააჯარიმა. ფილ მაკმა სწრაფად გაათამაშა, ბურთი კიდემდე ჩაათამაშა და კანადელებმა ლელო გაქვითეს – 16:8.
კანადელები დისციპლინაში ბევრს სცოდავნენ. ლაშა ხმალაძის მაღალი დარტყმის შემდეგ, ისინი კვლავ რაქში დაჯარიმდნენ და მათიაშვილს კიდევ ერთი საჯარიმოს შესრულების საშუალება მიეცა, თუმცა მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა.
ტაიმის ბოლო წუთზე უკვე “ბორჯღალოსნებმა” შეუტიეს მოლით. სტუმრებმა თითქოს მოიგერიეს პირველი მიძალება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ქართველებმა იძალეს და ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა.