საქართველო-ირლანდიის მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე, „დინამო არენას“  მიმდებარე ქუჩები მთლიანად დაიკეტება
საქართველო-ირლანდიის მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე, „დინამო არენას“  მიმდებარე ქუჩები მთლიანად დაიკეტება

დღეს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენა” საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე, სტადიონის მიმდებარე ქუჩები მთლიანად დაიკეტება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კერძოდ გადაიკეტება: გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა – ნაწილობრივ; მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით.

ამასთან, აკაკი წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 12 ოქტომბერს ირლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.