27 ნოემბერს საქართველო პირველად უერთდება 29 ქვეყანას „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას. ღონისძიება მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მისი მიზანია მეცნიერებისა და ფართო საზოგადოების დაახლოება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, 2005 წლიდან დღემდე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ მხარს უჭერს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მეშვეობით. 2019 წელს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ მიერ მხარდაჭერით გამართულმა ღონისძიებამ 1.6 მილიონ სტუმარს უმასპინძლა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ 400-ზე მეტ ქალაქში.
„ღონისძიების მიზანია, წარმოაჩინოს მეცნიერების მრავალფეროვნება და მისი გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აგრეთვე, აამაღლოს ინტერესი კვლევასთან დაკავშირებული პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. წელს, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ოჯახებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ მკვლევარებს და პრაქტიკული ექსპერიმენტების, სამეცნიერო წარმოდგენების, თამაშების, თავსატეხების, კონკურსების, გამოფენებისა და ციფრული აქტივობების საშუალებით ეზიარონ კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებს.
წელს საქართველო პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას, რაც შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.
კვლევა, ისევე როგორც განათლება, მნიშვნელოვანი სამომავლო ინვესტიციაა და იგი საფუძვლად უნდა დაედოს მდგრად, ინკლუზიურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველომ 2016 წელს მიიღო „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, რამაც ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს მეცნიერებსა და მკვლევარებს. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წვლილს შევიტანთ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ათვისების საქმეში“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
„საქართველო უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს „ჰორიზონტი 2020“-ისა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და შრომის ბაზრის განვითარებას, დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში და კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები ევროკავშირთან“, – განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.
2020 წლის 27 ნოემბერს, „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს იმ მკვლევართა და მეცნიერთა დაჯილდოება, რომლებიც „ჰორიზონტი 2020“-ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. მათ შორის: ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“; საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია (GALA); სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
Marie Skłodowska-Curie actions (MSCA)-ის მიერ დაფინანსებული “ევროპელ მკვლევართა ღამის” ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსი ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ. მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და “ჰორიზონტი 2020” პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებს შეუძლიათ. Horizon 2020 ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ყველაზე დიდი პროგრამაა: შვიდი წლის მანძილზე მისმა ბიუჯეტმა თითქმის 80 მილიარდი ევრო შეადგინა, გარდა იმ კერძო ინვესტიციებისა, რომლის მოზიდვაშიც ეს ფული ეხმარება. პროგრამა შექმნილია რათა ხელი შეუწყოს, წაახალისოს და განხორციელებაში დაეხმაროს გამორჩეულ იდეებს და გამოგონებებს, ბაზარზე მათი მოხვედრის გამარტივების მიზნით. პროგრამის მიზანია მსოფლიო დონის მეცნიერების მხარდაჭერა, ინოვაციებისთვის ბარიერების მოხსნა საჯარო და კერძო სექტორების დაახლოების საშუალებით. Horizon 2020-ს ევროპის ლიდერებისა და ევროპარლამენტის სრული მხარდაჭერა აქვს და განიხილება, როგორც ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი ინსტრუმენტი.
თავდაპირველად, პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ მიზნად ისახავდა საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ახალციხე და ზუგდიდი) როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში ისეთი ღონისძიებების გამართვას და აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა ევროკავშირის კუთხეები, შემეცნებითი ღონისძიებები (ამბები სამეცნიერო თემატიკაზე და მეცნიერულ აღმოჩენებზე, რომელთა მთავარი პერსონაჟები ევროკავშირის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი მეცნიერები არიან). თუმცა, Covid-19-ის პანდემიის გამო ფიზიკური აქტივობების დიდი უმრავლესობა გადაკეთდა ონლაინ/ვირტუალურ ღონისძიებებად.