საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტს წარადგენს, რომელშიც ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საკითხიც იქნება
საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტს წარადგენს, რომელშიც ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საკითხიც იქნება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საზაფხულო სესიას ბერლინი 7-11 ივლისს უმასპინძლებს. მასშტაბურ ღონისძიებაზე ტრადიციულ დღის წესრიგში კვლავ ევროპის უსაფრთხოების, კონფლიქტების, მიგრაციისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის საკითხების განხილვაა შეტანილი.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, წელს ქართული მხარე ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირებას კიდევ ერთხელ მოახდენს, რომელსაც ახალი საკითხებიც დაემატა, მათ შორისაა სამშვიდობო ინიციატივები და ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საკითხები.

„საქართველოს დელეგაციამ წარადგინა სპეციალური რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის ეუთო-ს მთელ ისტორიაში, რომ მივიღოთ ეს რეზოლუცია. არ იქნება მარტივი, რადგან ეუთო არის ის ადგილი, სადაც რუსეთი არის საკმაოდ აქტიურად წარმოდგენილი და ჩვენ ალბათ მოგვიხდება ძალიან აქტიური მუშაობა სხვა დელეგაციებთან, რათა მივიღოთ ეს რეზოლუცია. ამ ტექსტში ასევე იქნება ​ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საკითხიც და სწორედ ყურადღების მიქცევა ეუთო-ს წევრი ქვეყნებისა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა და იმ ადამიანების დასჯა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დანაშაულში. იქნება საუბარი სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელიც საქართველოს აქვს კონფლიქტის მოსაგვარებლად და კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად შეხსენება რუსეთისთვის, რა ვითარებაა დღეს, არ სრულდება ვალდებულებები და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

დეპუტატის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას წელსაც შეეცდება.

„იქნება საპრეზიდენტო არჩევნები და იმედი მაქვს, რომ შევძლებ მოვიპოვო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მხარდაჭერა და დავიკავო პრეზიდენტის პოსტი. ბოლო წლის განმავლობაში მე ვასრულებდი პრეზიდენტის მოვალეობას. ძალიან აქტიურად ვმუშაობდი საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ამ მუშაობას ექნება სათანადო დაფასებაც და ამიტომ ვფიქრობ, მხარდაჭერა იქნება“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

წინასწარი ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას OSCE PA-ს 27-ე სესიაზე, გიგი წერეთელთან ერთად, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტიდან სოფიო ქაცარავა, გია ვოლსკი და სავარაუდოდ ზურაბ ჭიაბერაშვილი წარმოადგენენ.