საქართველო დისტანციური წესით მომუშავე პირებისთვის ციფრული რეზიდენტურის ვიზას აწესებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ინტერნეტ გამოცემა „თრეველ ოფ ფაზ“.
სტატიის მიხედვით, საქართველომ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა ციფრული რეზიდენტურის სავიზო პროგრამა, რომლის სახელწოდებაა „დისტანციურად საქართველოდან“.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუ 2020-მა წელმა რაიმე სასარგებლო მოიტანა, ესაა დისტანციური მუშაობის მნიშვნელობის გააზრება, რომ არ გიწევს, ერთ სამუშაო ადგილზე იყო მიჯაჭვული.
„ბევრი ქვეყანა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ძალიან დიდია დისტანციურად მომუშავე ადამიანების რიცხვი და კიდევ ბევრად შეიძლება გაიზარდოს მისი მასშტაბი ყველა ჩვენგანის ცხოვრების წესში მომხდარი ცვლილებების კვალობაზე. საქართველო ქვეყანაში გრძელვადიანი ყოფნისთვის არსებული წესების გამო, ყოველთვის იყო მიმზიდველი ნელი ტემპით მოგზაურთათვის და ახლა უკვე ოფიციალურად იწყებს ციფრული რეზიდენტურის პროგრამას“, – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, განმარტებულია, რომ „დისტანციურად საქართველოდან“ ადამიანებს მისცემს საშუალებას, ქვეყანაში დარჩნენ სულ მცირე 180 დღე ან ერთ წლამდე ვადით და თავიანთი ონლაინბიზნესი ლეგალურად აწარმოონ დისტანციურად, არ შეიწუხონ თავი სავიზო პროცედურებით.
„პროგრამა კარგად ერგება მეწარმეებს, ბიზნესის მფლობელებს და ხელფასზე მომუშავე პირებსაც, რომლებსაც სახლიდან მუშაობაზე ხელმძღვანელობის თანხმობა აქვთ მიღებული. ამ პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ განაცხადის წარმდგენ პირებს შეუძლიათ, აიცილონ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შესვლისას დაწესებული შეზღუდვები, რაც ამჟამად საქართველოში ჩასვლას მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უკრძალავს, რადგან მხოლოდ ხუთი ქვეყნის (გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვას და ესტონეთის) მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შესვლა ტურისტული მიზნით. ციფრული რეზიდენტურის ვიზა ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებსაც მისცემს დაშვებას, როგორიცაა აშშ და კანადა. თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, – ნათქვამია სტატიაში.
Happy to announce the launch of a new state program "Remotely from Georgia", allowing citizens of 95 countries to travel & work remotely from 🇬🇪. As one of the safest countries in the world during the pandemic, we are ready to safely host int'l guests. https://t.co/nc9qjOAIGJ
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) August 27, 2020
ამასთან, გამოცემა აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შეიტანონ მოქალაქეებმა განაცხადი, ვის შეუძლია განაცხადის შეტანა, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი და ა.შ.
გამოცემის ინფორმაციით, პროგრამაში „დისტანციურად საქართველოდან“ მონაწილეობის უფლება აქვთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს. კერძოდ, განაცხადები მიიღება შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი; ანდორა; ანტიგუა და ბარბუდა; არგენტინა; სომხეთი; არუბა; ავსტრალია; ავსტრია; აზერბაიჯანი; ბაჰამის კუნძულები; ბაჰრეინი; ბარბადოსი; ბელარუსი; ბელგია; ბელიზი; ბერმუდა; ბოსნია და ჰერცოგოვინა; ბოცვანა; ბრაზილია; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები; ბრუნეი; ბულგარეთი; კანადა; კეიმენის კუნძულები; კოლუმბია; კოსტა რიკა; ხორვატია; კვიპროსი; ჩეხეთის რესპუბლიკა; დანია; დომინიკის რესპუბლიკა; ეკვადორი; ელ სალვადორი; ესტონეთი; ფოლკლენდის კუნძულები; ფარერის კუნძულები; ფინეთი; საფრანგეთი; საფრანგეთის პოლინეზია; გერმანია; გიბრალტარი; საბერძნეთი; გრინლენდი; ვატიკანი; ჰონდურასი; უნგრეთი; ისლანდია; ირლანდია; მენის კუნძული; ისრაელი; იტალია; იაპონია; იორდანე; ყაზახეთი; კუვეიტი; ყირგიზეთი; ლატვია; ლიბანი; ლიხტენშტეინი; ლიტვა; ლუქსემბურგი; მალაიზია; მალტა; მავრიკი; მექსიკა; მოლდოვა; მონაკო; მონტენეგრო; ნიდერლანდები; ნიდერლანდების ანტილის კუნძულები; ახალი კალედონია; ახალი ზელანდია; ნორვეგია; ომანი; პანამა; პოლონეთი; პორტუგალია; კატარი; რუმინეთი; რუსეთი; სენტ-ვინსენტი და გრენადინები; სან-მარინო; საუდის არაბეთი; სერბეთი; სეიშელის კუნძულები; სინგაპური; სლოვაკია; სლოვენია; სამხრეთ აფრიკა; სამხრეთ კორეა; ესპანეთი; შვედეთი; შვეიცარია; ტაჯიკეთი; ტაილანდი; თურქეთი; თურქმენეთი; ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები; უკრაინა; არაბთა გაერთიანებული ემირატები; გაერთიანებული სამეფო; შეერთებული შტატები; უზბეკეთი.
გამოცემის ინფორმაციით, „დისტანციურად საქართველოდან“ პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: მინიმალური დადასტურებული ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2000 აშშ დოლარს (შემოსავლების დადასტურება შესაძლებელი იქნება ბოლო რამდენიმე თვეში განაღდებული ჩეკებით, შრომითი ხელშეკრულებებით, საინვესტიციო შემოსავლებით ან/და საბანკო ამონაწერებით); საქართველოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭირო იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა; პასპორტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს იმ დროს, რა დროის გატარებასაც მოქალაქე საქართველოში აპირებს, პასპორტის ციფრული ასლი განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა იყოს ატვირთული.
რაც შეეხება პასუხის მიღების ვადას, პირი დადებით ან უარყოფით პასუხს ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს, საქართველოში გამგზავრება ვიზის მიღებისთანავე იქნება შესაძლებელი. პროგრამაში მონაწილეობაზე დადებითი პასუხის მიღებისთანავე და საქართველოში ჩასვლისას პროგრამაში მონაწილე პირებს საკუთარი ხარჯებით მოუწევთ 19 წინასწარ შემოწმებულ და მოწონებულ სასტუმროში კარანტინის გავლა 12 დღის განმავლობაში, ხოლო მე-12 დღეს „პისიარ“ მეთოდით ანალიზის აღება.
ამასთან, სტატიის ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობიდან მიღებულ საინფორმაციო მასალებში არ იძებნება ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის საფასურის შესახებ.
„ესეც პროგრამის დამატებითი ხიბლია, სწორედ ამ ფაქტორით ის მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ქვეყნების მსგავსი შეთავაზებებისგან. მაგალითად, ბარბადოსში წინა თვეს დაწყებული ციფრული რეზიდენტურის მსგავს პროგრამაში მონაწილეობის საფასური 2000 დოლარია. რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი საქართველოზე? საქართველო უაღრესად დაბალი ცხოვრების ხარჯით ხასიათდება ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, ბალკანეთის ჩათვლით. საქართველოში უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცხოვრები ზოგიერთი ციფრული რეზიდენტის დაკვირვებით, აქ ცხოვრების ხარჯი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მსგავსია ან ლათინური ამერიკის ქვეყნებისას ჩამოუვარდება. მრავალი პირდაპირი რეისი სრულდება ყოველდღიურად თბილისის მიმართულებით და თბილისიდან. თავისუფლად მოხვდებით ლონდონში, პარიზში, ამსტერდამში, ბერლინში, ვენაში, ათენში, სტამბოლში, თელავივში, დოჰასა და დუბაიში. მობილური ქსელით მონაცემთა გაცვლა და სახლის ინტერნეტი საქართველოში სწრაფიც არის და იაფიც“, – აღნიშნულია სტატიაში.