საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. თუმცა, საქართველოს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებით თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნება.

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიულოცავენ.

ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.

სამწყობრო მოედანზე დისტანციის დაცვით მოწყობილ სამხედროებს სიტყვით მიმართვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და მთავარი სერჟანტი თავდაცვის ძალების წარმატებულ წარმომადგენლებს უწყებრივი ჯილდოებს – მედლებს „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცემენ.

საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და ინვენტარის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების სხვადასხვა ქვედანაყოფშიც გაიმართება. სამხედრო ბაზებზე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ.