საქართველო და ავსტრია უახლოეს მომავალში საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთდახმარების შეთანხმებას გააფორმებენ (ვიდეო)
საქართველო და ავსტრია უახლოეს მომავალში საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთდახმარების შეთანხმებას გააფორმებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ავსტრიაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილისა და ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს უცხოელთა პოლიციის, სახელმწიფო კრიზისების მართვისა და სამოქალაქო დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, იოჰან ბეზდეკას
შეხვედრისას მიიღეს.
ორმხრივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებად ჩამოყალიბდა განსაკუთრებით გაძლიერდება მისი ფუნქციები. ყოველდღიური რისკების გასამკლავებლად კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში სამსახური დონორთა კონფერენციას გამართავს, სადაც სსმს სამომავლო ხედვასა და საჭიროებებზე გაამახვილებს ყურადღებას.
“შეიძლება ითქვას, სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ სამსახურის აწყობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენთვის პარტნიორებთან ურთიერთობას. გასული წლის მასშტაბური ხანძრების შეფასებისას დავინახეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. შედეგების ანალიზში ავსტრიელი ექსპერტი დაგვეხმარა. სწორმა შეფასებამ განსაზღვრა ჩვენი სამომავლო სამოქმედო გეგმაც, თუ როგორ ვხედავთ სამსახურის მომავალს”, – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.
“საქართველოსა და ავსტრიას ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ. აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენს ახლადშექმნილ სამსახურთან. მოხარული ვარ, რომ ერთობლივ შეთანხმებასაც გავაფორმებთ. თქვენი სამსახურის სიძლიერემ უნდა დაგვანახოს, თუ როგორ უმკლავდება პატარა ქვეყანა დიდ რისკებსა და გამოწვევებს” – განაცხადა იოჰან ბეზდეკამ.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის უფროსი, ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში სახანძრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიის ხელმძღვანელებთანაც გამართავს შეხვედრას.