საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი იმართება, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და წარმოადგენს CAREC-ის მაღალი დონის სტრატეგიის შემუშავებისა და პოლიტიკის ორგანოს.
მინისტერიალი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. ღონისძიებაში CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.
CAREC-ის პროგრამა, რომელშიც ამჟამად 10 ქვეყანაა ჩართული, მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.
საქართველო არის ერთ-ერთი ინიციატორი მხარდამჭერი ქვეყანა, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმირება CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს ენერგეტიკის მიმართულებით საერთო პროექტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.
22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. კარეკის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონი კლიმატის რისკების მიმართ გახდეს მედეგი და ძალისხმევა მიმართოს სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.
მინისტრთა კონფერენციაზე იმსჯელებენ CAREC-ის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე: ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
მინისტერიალი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, გამოჩნდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და მოხდეს უცხოური და ქართული ბიზნესების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.