საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მსოფლიოში მე-6 ადგილზეა
საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ასეთია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, Doing Business 2019 მონაცემები.
ეს ქვეყნისთვის აქამდე დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე იყო. ათეულში კი, უკვე მეოთხედ მოხვდა.
ამასთან, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველომ ნორვეგიას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს გაუსწრო. რეიტინგში Doing Business 2019 საქართველოს 83.28 ქულა აქვს, რაც 0.48 ქულით მეტია წინა ანგარიშის მაჩვენებელზე.
შარშანდელ კვლევასთან შედარებით, საქართველომ ბიზნესის კეთება სამი მიმართულებით გააუმჯობესა – ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება.
დოკუმენტის მიხედვით, ბიზნესის დასაწყებად მინიმალური რაოდენობის, ერთი პროცედურის გავლაა აუცილებელი ახალ ზელანდიასა და საქართველოში. ამასთან, ქონების რეგისტრაციაც ერთ დღეშია შესაძლებელი – ნორვეგიის, პორტუგალიისა და შვედეთის მსგავსად.
Doing Business 2019-ის ლიდერი კვლავ ახალი ზელანდიაა. ათეულში ასევე შედიან სინგაპური, დანია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მაკედონია.