საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისია დღეს დამტკიცდება და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს
დავით გარეჯი არის ძალიან მგრძნობიარე თემა ნებისმიერი ქართველისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის თემასა და სადემარკაციო კომისიას შეეხებოდა.
მისი თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომისია დღეს დამტკიცდება და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს.
„რაც შეეხება დავით გარეჯის თემას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს აზერბაიჯენლ კოლეგებთან და იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება, იქმნება კომისია. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ კომისიას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება ხელმძღვანელი და დაიწყება დიალოგი და მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან. იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსის იმ მიმართულებებზე, სადაც არსებობდა პრაქტიკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის შეფასებით, აზერბაიჯანი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა.
„ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთისთვის და აქ ნებისმეირი გადააწყვეტილება იქნება მიღებული ამ სულისკვეთებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.