საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე შეიარაღებული პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილე მესაზღვრეები დაჯილდოვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების მიზნით, 14 იანვარს ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა.
შსს-ის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ოთხ თანამშრომელს ღონისძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი – „მამაცობისათვის“. რვა მესაზღვრე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონიას მინისტრის მოადგილეები კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე და მისი პირველი მოადგილე, კახაბერ ჩიქოვანი დაესწრნენ.
ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებისას გამოჩენილი განსაკუთრებული პროფესიული პასუხისმგებლობის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა.