საქართველო აშშ-სგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საქართველოში აშშ-ის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას. დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანმა განმარტა, რომ ამერიკული ხორბლის მიწოდება ხორციელდება „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 14.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ამ პროექტში ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან, მათ შორის – კომპანია „ლენდ ო’ლეიქს ვენჩერ 37“, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, – განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, მაისის ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში 400 000 დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია ხორცის, რძის პროდუქტებისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.
გარდა ამისა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჯანდაცვის სექტორის დახმარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.
ასევე, ელჩის თქმით, ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ექიმების, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის.