საქართველო 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის, ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის, ტრასეკა-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური, რიგით მეთექვსმეტე სხდომა გაიმართა. წლევანდელი მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და ტრასეკა-ს შექმნიდან 30-ე წლისთავსა და „ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
სხდომის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკა-ს დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. ასევე ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
სხდომის ფარგლებში, სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა განიხილეს 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკა-ს სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგები, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსი, ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და აგრეთვე ანგარიში ტრასეკა-ს მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი მუდმივ სამდივნოებსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისათვის, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისა და მცირე კუნძულების განვითარებად ქვეყნებისათვის გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის.
აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი მზადაა, მიუერთდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანის (ტრასეკა-ს) ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს ტრასეკა-ს დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუცია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკა-ს სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა ერთი წლით საქართველო იქნება.
ტრასეკა-ს სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ძირითადი მრავალმხრივი მხარეების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე მონაწილეობდნენ ტრასეკა-ს ეროვნული მდივნები, სამთავრობათაშორისო კომისიის დამკვირვებელი ქვეყნები, ტრასეკა-ს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.